08 ივნისი 2026,   09:08
ვრცლად
ამანათი პოლონეთიდან და საკვები დანამატის ქილებში დამალული 6 კილოგრამი "მეფედრონი" - დაკავებულია რუსეთი მოქალაქე, რომელმაც ნარკოტიკი საზღვარგარეთ შეუკვეთა და საქართველოში გამოაგზავნინა

გაბაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინაში პაველ ტარხოვი დროებით ცხოვრობდა. ნაქირავებ საცხოვრებელში 10 აბი ემდემა და, დაახლოებით, 200 გრამი ჰაშიში ინახებოდა. რუსეთის მოქალაქის კვალზე პოლიცია გავიდა და მის დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარა.

გაბაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. "კურიერის" ინფორმაციით, ტარხოვმა პოლიციას თავად მიუთითა ბინაში დამალული ნარკოტიკული ნივთიერებების ადგილსამყოფელი. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

პაველ ტარხოვის საქმეში ნივთმტკიცებად მხოლოდ საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ემდემა და ჰაშიში არ ფიგურირებს. ირკვევა, რომ ის საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეფედრონის" გავრცელებას აპირებდა და შესაბამისი სქემაც ჰქონდა შემუშავებული. "კურიერის" ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე პოლონეთიდან ამანათს ელოდებოდა.

სამართალდამცველები გზავნილის კვალზე გავიდნენ, განახორციელეს კონტროლირებადი მიწოდება და ტარხოვი საზღვარგარეთიდან მიღებული ნარკოტიკის აღებისთანავე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ საკვები დანამატების ექვს ქილაში გადანაწილებული "მეფედრონი" დაახლოებით, 6 კილოგრამამდე იწონიდა.

დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში გავრცელების მცდელობის ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საბაჟო ოფიცრების თანამშრომლებმა ერთობლივად აღკვეთეს.

რუსეთის მოქალაქე ამჟამად წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფება. მისი ადვოკატი საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

6 კილოგრამამდე "მეფედრონის" საქართველოში გავრცელების მცდელობისთვის დაკავებულ პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მუდმივ რეჟიმში გრძელდება.

ნარკოდანაშაულისთვის, ბოლო 24 საათში, პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა, - მათ შორის არის 54 წლის მამაკაცი, რომელსაც დიდი ოდენობით "სუბოტექსი" აღმოაჩნდა. ნივთმტკიცებები სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

დღის ამბები