18 ივნისი 2026,   19:55
ვრცლად
მიღწეული შეთანხმება და 14-დღიანი ზავი - ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება პაკისტანის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად შეწყდა

ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება პაკისტანის პრემიერ-მინისტრის დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად შეწყდა. შაჰბაზ შარიფმა თეთრ სახლს ირანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაბომბვის ორი კვირით გადადება სთხოვა, ისლამური რესპუბლიკის მთავრობას კი - მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული დერეფნის, ჰორმუზის სრუტის გახსნა. ისლამაბადმა როგორც ვაშინგტონისგან, ისე თეირანისგან ორივე საკითხზე დადებითი პასუხი მიიღო.

მალევე გაირკვა, რომ ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ისლამურ რესპუბლიკას კონკრეტულ პირობებზე დათანხმებაც მოუწია. კერძოდ, ირანის ხელისუფლება მზად არის საზღვაო ვაჭრობისთვის გახსნას ჰორმუზის სრუტე. ცნობილია ისიც, რომ გემების მიმოსვლას კვლავ ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" გააკონტროლებს; ამასთან, ძალაში რჩება ეკონომიკურ ზონაში სპეციალური მოსაკრებლის სახით შემოსავლის მიღების შესაძლებლობაც.

ცნობილია ისიც, რომ რთული დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესში, რომელშიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის მედიატორის როლს პაკისტანი ასრულებდა, საკვანძო ფუნქცია ირანის ახალმა სულიერმა ლიდერმა შეასრულა. მსოფლიო მედია, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ტრამპის ულტიმატუმის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ მოჯთაბა ხამენეიმ მისცა მომლაპარაკებელ ჯგუფს დათმობებზე წასვლის ბრძანება.

ომის შეჩერების საკუთარი გეგმა ვაშინგტონს თეირანმაც წარუდგინა. ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოში ირწმუნებიან, რომ პირობები ისლამური რესპუბლიკის მიმართ თავდაუსხმელობის გარანტიებს, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს, ურანის გამდიდრების უფლების აღიარებას, სანქციების სრულ გაუქმებასა და კომპენსაციების გადახდას ითვალისწინებს. ახლა თეირანში გამარჯვებას ზეიმობენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მტრებმა "ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი" იგემა.

საპირისპიროა ვაშინგტონის პოზიცია. პენტაგონში მიიჩნევენ, რომ შტატებმა ირანში ყველა სამხედრო და სტრატეგიულ მიზანს სრულად მიაღწია და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა. განმარტავენ, რომ ვაშინგტონისთვის ეს შეთანხმება არა მოლაპარაკება, არამედ ირანის მხრიდან ძალისმიერი პირობების მიღება იყო, რადგან თეირანმა სხვა გამოსავლის არქონის გამო დათმო ყველაფერი, რაც ამერიკულმა მხარემ მოითხოვა.

ამერიკის მოკავშირე ისრაელმა ირანთან ცეცხლის დროებით შეწყვეტას მხარი დაუჭირა, თუმცა ცახალმა მეორე ფრონტი კვლავ ღიად დატოვა და ლიბანის ტერიტორიაზე განლაგებულ რადიკალურ დაჯგუფება „ჰესბოლას“ პოზიციებზე დარტყმების სერიას კვლავ განაგრძობს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები