ახლო აღმოსავლეთში ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია! აქვს თუ არა აღნიშნულ ინიციატივას მშვიდობის რეალური პერსპექტივა? საკითხზე მხარეები პარასკევს, ისლამაბადში იმსჯელებენ. დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილების მთავარ პირობად ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა დაასახელა და 8 აპრილს მსოფლიოსთვის დიდი დღე უწოდა.
მისივე თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის კონტროლი გარანტირებულია. განსხვავებული რიტორიკა აქვს თეირანს. ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებს, რომ ისტორიულ გამარჯვებას სწორედ მათ მიაღწიეს და აიძულეს ვაშინგტონი ყველა სანქცია გააუქმოს, აღიაროს ურანის გამდიდრების უფლება და გაიყვანოს ჯარები რეგიონიდან. ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა სამხედროებს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება უკვე მისცა.
ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის თქმით, ირანს მათ პირობებზე უარი რომ ეთქვა, შემდეგი სამიზნე მათი ელექტროსადგურები, ხიდები, ნავთობის და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა გახდებოდა.
"ირანს ჩვენს პირობებზე უარი რომ ეთქვა, ჩვენი შემდეგი სამიზნე მათი ელექტროსადგურები, ხიდები, ნავთობის და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა გახდებოდა - ობიექტები, რომელთა დაცვასაც ისინი ვერ შეძლებდნენ და რომელთა აღდგენაც, რეალურად, შეუძლებელი გახდებოდა. ამას ათწლეულები დასჭირდებოდა. პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა ძალა, სულ რამდენიმე წუთში სრულად მოეშალა ირანის ეკონომიკა, თუმცა მან მოწყალება არჩია. ახალმა რეჟიმმა გააცნობიერა, რომ შეთანხმება ბევრად სჯობდა იმ ხვედრს, რაც მათ ელოდათ.
იციან: ეს შეთანხმება ნიშნავს ერთადერთ რამეს - მათ ვეღარასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. პრეზიდენტი თავიდანვე მკაფიო იყო: ირანული ბირთვული იარაღი არ იარსებებს. წერტილი", - განაცხადა ჰეგსეთმა.