"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის - საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს დაიწყო. ცვლილება საელჩოებს, საკონსულოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე განმარტავს, რომ კანონის მოქმედი რედაქცია ამ ტიპის ურთიერთობებზე ისედაც არ ვრცელდება, თუმცა დაზუსტება მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა.
"საელჩოებზე დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გაცემული თანხები, რომელიც მომდინარეობს მათსავე სახელმწიფოსგან და მიმართულია საელჩოს ფუნქციონირებაზე, არ ითვლებოდა გრანტად, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედებს იერარქიულად უფრო მაღალი კონვენცია, ვენის კონვენცია და, შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებას უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კანონს.
იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს შესაძლებლობა პოლიტიკური ინსინუაციებისთვის, ტყუილის გავრცელებისთვის, ფეიკ ნიუსების კამპანიის საწარმოებლად, შავით თეთრზე ვწერთ კანონში იმას, რაც ისედაც ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის არის ცალსახა და ცხადი", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
საკითხს სესიაზე 17 აპრილს გაიტანენ.