ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. მათ ლექციები ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიის, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობების, ექსკურსიათმცოდნეობის, გიდის პროფესიის, ტურის დაგეგმვის, გიდის ფსიქოლოგიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ უტარდებათ. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამაში 55-ზე მეტი ტრენერია ჩართული.
"ვახორციელებთ ძალიან ინტენსიურ, 3-თვიან სატრენინგო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ტარდება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გიდებისთვის. პროცესში ჩართულია გამოცდილი 55-ზე მეტი ტრენერი და, 3 თვის განმავლობაში, გიდებს ექნებათ საშუალება, დაათვალიერონ ის ტურისტული ადგილები, რომლებსაც ვიზიტორებს შემდგომ უჩვენებენ, ასევე გაეცნონ ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს და ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ტურის კვალიფიციურად ჩატარებისთვის", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.