03 აგვისტო 2026,   21:54
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა, ვლადიმერ ღუდუშაურს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

საქმის პროკურორის თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს.

"პროკურორი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 16 რიცხვამდე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდეს. თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, ჩვენ მზად ვართ ზიანის ანაზღაურებაზე," - აცხადებს ხათუნა ხურცილავა.

პროკურორი ანა ლეკიაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარემ მოითხოვა ჯუანშერ ბურჭულაძის მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევა, რომელიც გულისხმობს ნუშის ბაღების სახლს და ესპანეთში შეძენილ ქონებას. 

"ბრალდების მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა, სხვა ბრალდებულების მიმართ, როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის, ისე ვასილ მხეიძის და გიორგი ხაინდრავას მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვის დასასრულამდე, ეს გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება. ბრალდების მხარემ მოითხოვა ჯუანშერ ბურჭულაძის მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევა, რაც ეხება კონკრეტულად ამ გარემოებებს. ეს არის ნუშის ბაღების სახლი და, მათ შორის, ესპანეთში შეძენილი ქონება.

ვლადიმერ ღუდუშაურმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, გამოძიების პირველივე დღეებიდან და, შესაბამისად, ყველა ბრალდებულთან მიმართებით ინდივიდუალურად იქნა განხილული ეს ყველა გარემოება. რაც შეეხება ღირებულებას, რაც უნდა ჩამოერთვას, ეს ღირებულება მითითებულია ექსპერტიზის დასკვნებში, ეს არის დაახლოებით 2 მილიონ ნახევარი," - აცხადებს პროკურორი, ანა ლეკიაშვილი.

 

დღის ამბები