29 ნოემბერი 2026,   02:34
ვრცლად
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი - კახა კალაძე ილჰამ ალიევის ვიზიტზე

სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი და მეზობელი - თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბაქოს და თბილისს საერთო მიზნები და ინტერესები აქვთ - რეგიონში არსებული ვითარების ფონზე შექმნან სტაბილური და უსაფრთხო გარემო.

ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. განიხილეს ერთობლივი პროექტები და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა კეთილმეზობლობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მისაბაძი მაგალითია.

მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა თბილისის მერმაც. კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს მეგობრული ურთიერთობა აქვთ, აღნიშნული ვიზიტი კი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი - მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც, თუ შევხედავთ რა მძიმე პროცესებია ახლო აღმოსავლეთში, ზოგადად, რა გამოწვევებია მსოფლიოში.

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება ასევე რეგიონში. აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა და ეს ვიზიტები, რა თქმა უნდა, ხელახლა შეუწყობს ხელს, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ არსებული მეგობრული დამოკიდებულება, ქვეყნებს შორის", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები