სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში სტუმრად მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ილჰამ ალიევის მაღალი დონის ვიზიტი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრით დასრულდა. ბიზნესცენტრში აზერბაიჯანის პირველმა პირმა ბიძინა ივანიშვილთან საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობისა და მეგობრობის მაღალ სტანდარტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა კი ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას. ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობასა და ახალ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს.
მანამდე კი იყო ერთობლივი ბრიფინგი პრემიერ-მინისტრთან, რომელზეც ირაკლი კობახიძემ, გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს გეოსტრატეგიულ როლზე გააკეთა აქცენტი. შუა დერეფნის ფუნქცია და კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსების ექსპორტი, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ ფუნქციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის კუთხით, ახალ პოლიტიკურ სიბრტყეზე აყენებს.
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს როლი და გეოგრაფიული მდებარეობა რომ აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამაზე დღეს ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მეზობელ და პარტნიორ ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ეკონომიკურ გარემოზეც გააკეთა აქცენტი, რაც ქვეყნის ეკონომიკაში დაბანდებული 3 მილიარდი დოლარის აზერბაიჯანული ინვესტიციების გაზრდის პერსპექტივას აჩენს. ალიევმა არც ის გამორიცხა, რომ სამომავლოდ, ქართულ-აზერბაიჯანული ფინანსები ერთობლივად სხვა ქვეყნებშიც ჩაიდოს.
მშვიდობა, განვითარება, თანამშრომლობა და ეკონომიკური სტაბილურობა - პრემიერის თქმით, ეს ის ბენეფიტებია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის მრავალწლიანმა მეგობრობამ ორივე ქვეყანას მოუტანა. ბაქოსა და თბილისს შორის არსებული კავშირების განმტკიცებასთან ერთად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ხელშეწყობა და მედიაცია, ოფიციალური თბილისისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ირაკლი კობახიძის თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა კავკასიაში რეგიონის ქვეყნებს მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე სრულიად ახალ ფუნქციას მიანიჭებს.
სომხეთ-აზერბაიჯანის მრავალწლიანი კონფლიქტის გადაჭრისა და ახალი პერსპექტივის გაჩენის კუთხით, საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა ილჰამ ალიევმაც. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქოსა და ერევანს შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია თბილისის ჩართულობაზე. ალიევმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ისიც, რომ აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თვითმფრინავი საქართველოში დღეს, 10:00 საათზე ჩამოფრინდა. ილჰამ ალიევს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო ჰეიდარ ალიევის მონუმენტი და გმირთა მემორიალი, პირველი შეხვედრა კი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, მიხეილ ყაველაშვილთან გამართა. გლობალური და რეგიონული კრიზისების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, კოლეგასთან საუბრის დროს, მშვიდობისა და პარტნიორობის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი. სწორედ მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებასთან დააკავშირეს მეზობელი ქვეყნის ლიდერის ვიზიტი თბილისის მერმა, კახა კალაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც.
ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. ალიევმა დღეს ბაქოსა და თბილისის ისტორიულ პარტნიორობას საერთაშორისო საზოგადოებისთვის სამაგალითო უწოდა.