08 ივნისი 2026,   08:52
ვრცლად
გაშიფრული სქემა და სუს-ის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ჯაშუშია - რეზონანსულ საქმეზე "რეზონანსის" სტატია დამატებით დეტალებს ასაჯაროებს

რეზონანსული საქმე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და სქემა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა. დანაშაული აღკვეთილია, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. უწყება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ქვეყანაში აგენტურის მუშაობას აკონტროლებს, რასაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული მორიგი ღონისძიებაც მოწმობს.

სუს-ის გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებული, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა. დანაშაულებრივი სქემის დეტალები საზოგადოებას დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გააცნო, თუმცა რეზონანსულ საქმეზე, "რეზონანსმა" დამატებითი დეტალები გამოაქვეყნა, სათაურით - "ჯაშუშებზე ნადირობა თუ დაკავება ყალბი დოკუმენტების გამო". გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული იმ ქვეყნის ჯაშუშია, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს.

"ერთი შეხედვით ამაში არაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა სუს-ის მიერ ამ ფაქტობრივ ინფორმაციამდე წანამძღვარი, რომ უსაფრთხოების სამსახური, კერძოდ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით.

სუს-ის მცირედ მონათხრობში საკმარისი მინიშნებებია, თუმცა "რეზონანსმა" საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი გაარკვია. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, სუს-მა რეალურად ერთ-ერთი, ანგარიშგასაწევი ქვეყნის ჯაშუში დააკავა, თანაც იმ ქვეყნის, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს. სწორედ ამ ურთიერთობის გათვალისწინებით, სუს-მა დაკავებული ჯაშუშის ბრალდება დელიკატურად შეარჩია და მესიჯი გაუგზავნა მის პატრონებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და საქართველოში აგენტურის მუშაობას აუცილებლად გააკონტროლებს," - წერს გამოცემა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები