07 აგვისტო 2026,   12:36
ვრცლად
პირველ რიგში აუცილებელია სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დაცვა და შემდეგ სხვა საკითხები - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში დასრულდა, მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრების ფარგლებში განხილული საკითხები შეაჯამა და აღნიშნა რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ცივილიზაციურ დიალოგს მოიცავს. 

პრეზიდენტის განცხადებით პრიორიტეტული ქვეყნის სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვაა: 

"ჩვენი საგარეო პოლიტიკაა ცივილიზაციური დიალოგი და აზიის და ევროპის დაკავშირებადობის ფართო სპექტრის მოცვა. ჩვენ ძალიან თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს, ეს ძალიან კარგი ესმის იმ ქვეყნებს და სლოვაკეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა, რომელიც მუდმივად ბრძოლობს თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის, სწორედ ამაშია ჩვენი თანხვედრა. დარწმუნებული ვარ უფრო მეტნი გავხდებით, უნგრეთი, ჩეხეთი, დარწმუნებული ვარ ვინც თავის ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს ასეთი ქვეყნები ამავე მოტივით გავერთიანდებით. პირველ რიგში აუცილებელია სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დაცვა და შემდეგ სხვა საკითხები,"- აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრატისლავაში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრა პირისპირ ფორმატში გამართა. საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებული დიალოგის გაღრმავება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, დარგობრივი ურთიერთთანამშრომლობის განვითარება - ეს ის საკითხებია, რაზეც პრეზიდენტებმა აქცენტი გააკეთეს.

მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაც გამართა. ქართული დელეგაციის წევრებს სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე გამახვილდა.

შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთანაც. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა - დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო "თავისუფლების კარიბჭის" მემორიალი. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკმა კოლეგამ დევინის ციხესიმაგრეც დაათვალიერებინა. ასევე, მოინახულეს ძველი ისტორიული ქალაქი და წმინდა მარტინის საკათედრო ტაძარი. ქართული დელეგაციის პატივისცემის ნიშნად კი, ბრატისლავას ციხესიმაგრეზე, მასპინძელმა ქვეყანამ საქართველოს დროშაც გამოსახა.

დღის ამბები