თუ სიტყვას შეუძლია ადამიანი შეცვალოს, არსებობს ავტორი, რომელმაც ეს შეძლო. თუ წიგნს შეუძლია, რომ ადამიანს კითხვა შეაყვაროს, მაშინ უკვე იცნობთ კაცს, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.
სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და სწრაფვა თავისუფლებისკენ - გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება სწორედ ამ ღირებულებებზე დგას. ნაწარმოებები, რომლებიც მუდამ თანამედროვედ ჟღერს.
ქართველი კლასიკოსის მოთხრობები მკითხველს ახალი კრებულის სახით - ერთ წიგნად დაუბრუნდა. გამოცემა ავტორის დაბადების დღეს 26 მარტს წარადგინეს.
წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის მწერლის შვილმა, ქეთევან დოჩანაშვილმა შეადგინა და სხვადასხვა პერიოდში დაწერილ მოთხრობებს აერთიანებს.
გურამ დოჩანაშვილი მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს. ახალი გამოცემა სწორედ ამ უწყვეტი სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურებაა.
გამოცემა მკითხველს შემოქმედებით გზის ერთგვარ რეტროსპექტივას სთავაზობს.
გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეზე მწერლის მეგობრები, მკითხველები და კოლეგები შეიკრიბნენ. სტუმრებმა ავტორთან დაკავშირებული მოგონებები გაიხსენეს და ის განსაკუთრებული ენა, რომელმაც გურამ დოჩანაშვილს ქართულ ლიტერატურაში გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა.
გურამ დოჩანაშვილის მიერ შექმნილი სამყარო კიდევ დიდხანს დარჩება ადამიანებისთვის საყვარელ ნავსაყუდლად - ადგილად, სადაც ყოველთვის შეიძლება დაბრუნება, სიმშვიდის პოვნა და სამყაროს თავიდან აღმოჩენა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.