ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ახალი აკადემიური წლისთვის მზადებას შთამბეჭდავი მიზნებითა და სიახლეებით განაგრძობს. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით, KIU-მ აბიტურიენტებისთვის მორიგი ღია კარის დღე გამართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა. მან აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა და KIU-ს უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება.
ღია კარის დღის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია KIU-ს უნიკალურ საბაკალავრო პროგრამებზე, საგრანტო და გაცვლით პროექტებზე, სტიპენდიებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე; შეხვდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს; დაათვალიერეს კამპუსი და მოინახულეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
KIU მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ინფრასტრუქტურისა და აკადემიური გარემოს გაუმჯობესებაზე. წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველად მიიღებს სტუდენტებს ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ KIU-თვის პრიორიტეტად რჩება STEM მიმართულების პროგრამების მრავალფეროვნება და მათი გაძლიერება.
KIU-ში სტუდენტებს დახვდებათ 163 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რომლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საუნივერსიტეტო კამპუსია. ის მოიცავს ულტრათანამედროვე სასწავლო და სტუდენტურ საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მათ შორისაა როგორც ადმინისტრაციულ- საგანმანათლებლო, ისე საცხოვრებელი კომპლექსი.
აღსანიშნავია, რომ KIU-მ აბიტურიენტებისთვის ორი ღია კარის დღე უკვე გამართა და ჯამში, ათასზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" KIU-ს განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.