დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, რადიკალიზმის წახალისება, და მოძალადის მხარდაჭერა - ამ ბრალდებების ადრესატები კონკრეტული ელჩები არიან, ისინი ვინც "ქართული ოცნების" თქმით, ხშირად ვენის კონვენციას ივიწყებენ და დიპლომატიურ ჩარჩოებსაც სცდებიან. ამჯერად სახელისუფლებო გუნდიდან ნორვეგიისა და შვედეთის ელჩებს შეახსენეს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში არა თუ ქვეყნის ფარგლებს გარედან, არამედ ქვეყნის შიგნიდანაც არავინ არ უნდა ჩაერიოს.
ორი ქვეყნის დიპლომატიური უწყების წარმომადგენლებმა და ევროკომისიის პრესსპიკერმა ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენეს, რაც საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარია სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო. მოსამართლის ვერდიქტი გააკრიტიკეს, სოლიდარობა კი იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გამოუცხადეს, რომელიც საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისთვისაა ბრალდებული, 16-ჯერ არის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი, არასდროს უღიარებია დანაშაული, არც ერთხელ გადაუხდია დაკისრებული ჯარიმა და არც საპატიმრო გირაო.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის უცხოელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების გზავნილები არა დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა, არამედ შეფასებაა.
უცხოელი აქტორების განცხადებები მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი და გასაკვირი არ ყოფილა. "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს დიპლომატების მხრიდან ის არადიპლომატიური ქმედებებიც გაიხსენეს, როცა კონკრეტული ელჩები სხვადასხვა ბრალდებულების სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ და ასე "ქართულ ოცნების" თქმით, მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობდნენ.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით მოქმედებენ. მიზანი კი ერთია - ოპოზიციას მუდმივად ჰყავდეს ციხეში ის, ვისზეც უცხოელი აქტორები ისაუბრებენ და ხელისუფლების კრიტიკის საბაბად გამოიყენებენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე.