სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.
სამების საკათედრო ტაძარში სადაც პატრიარქია დასვენებული, წირვა 09:00 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან სავარაუდოდ 15:00 საათისთვის გამოასვენებენ და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.
სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად 02:00 საათიდან 08:00 საათამდე დაიხურება.
კვირას, დილის 08:00 საათიდან კი ტაძარში დაშვება მხოლოდ საგანგებო საშვებით მოხდება.
სიონის ტაძარში უწმინდესობის დასვენების შემდეგ, მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიასა და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.
გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას.
საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად, პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. სიონის საკათედრო ტაძარში შერჩეულია ზუსტად ის ადგილი, რომელიც თავად პატრიარქს სურდა.
განსასვენებელი მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა