ავსტრალიამ და იაპონიამ განაცხადეს, რომ არ გეგმავენ საზღვაო ან სამხედრო გემების გაგზავნას ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მხარეებმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან "მოთხოვნები" წაუყენა დაახლოებით შვიდ ქვეყანას, რათა ისინი "შემოვიდნენ და თავად დაიცვან საკუთარი ტერიტორია", რაშიც სტრატეგიულ საზღვაო გზას გულისხმობდა.
"არ მიგვიღია გადაწყვეტილება გემების გაგზავნასთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ განხილვას, თუ რა შეუძლია იაპონიას დამოუკიდებლად გააკეთოს და რა შეიძლება გაკეთდეს არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ.
ასევე, ავსტრალიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა, კეტრინ კინგმა განაცხადა, რომ ისინი არ გაგზავნიან გემს ჰორმუზის სრუტეში.
"ჩვენ არ გავაგზავნით გემს ჰორმუზის სრუტეში. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ ეს არც გვთხოვეს და არც ვმონაწილეობთ ამ პროცესში", - განაცხადა კეტრინ კინგმა.
ცნობისთვის, ტრამპმა დაადასტურა, რომ მან "მოთხოვნები" წაუყენა დაახლოებით შვიდ ქვეყანას, რათა ისინი "შემოვიდნენ და თავად დაიცვან საკუთარი ტერიტორია", რაშიც სტრატეგიულ საზღვაო გზას გულისხმობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა არ დაასახელა ქვეყნები, რომლებთანაც მისი ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს, მან აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის ნედლ ნავთობზე, მაშინ როცა მისი თქმით, შეერთებული შტატები ამაზე ნაკლებად არის დამოკიდებული საკუთარი ნავთობის მარაგების გამო.
ომის ადრეულ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაციამ წამოაყენა გეგმა, რომლის მიხედვითაც ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემები სამხედრო ესკორტით უნდა დაეცვათ, რათა ისინი ირანის შესაძლო თავდასხმებისგან ყოფილიყვნენ დაცული.
მოგვიანებით, ეს გეგმები გადაიდო, როგორც უფრო გრძელვადიანი ინიციატივა, საკითხის სირთულის გამო. ამის შემდეგ ტრამპმა აქცენტი გადაიტანა იმაზე, რომ სხვა ქვეყნებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამ საზღვაო გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.