ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული კატერები ერაყის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა და მიზანში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი ამოიღო. დარტყმას ძლიერი აფეთქება მოჰყვა.
ადგილზე მალევე გამოჩდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული გემბანიდან 38 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აიღო. აფეთქებულ ხომალდზე ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებოდნენ. ფაქტს უკვე გამოეხმაურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და მათი სამშობლოში დაბრუნების ორგანიზება უკვე მიმდინარეობს.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება. არჩევის შემდეგ ირანის უზენაესმა ლიდერმა ქვეყნის მოსახლეობას პირველად მიმართა. მოჯთაბა ხამენეის, გზავნილი სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გადაიცა. რაჰბარმა შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ისლამური რესპუბლიკა აშშ-სა და ისრაელზე შურის იძიებს.
თეირანი ვაშინგტონს და იერუსალიმს მკაფიო სიგნალს უგზავნის: იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონი და ცახალი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს გააგრძელებენ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მსოფლიოს უმსხვილესი ენერგეტიკული არტერიის ბლოკირებას გააგრძელებს.
კრიზისზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული რეზერვიდან 172 მილიონ ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებს. ვაშინგტონის ინიციატივას საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კიდევ 31 წევრი სახელმწიფო უერთდება - ჯამში ბაზარზე 400 მილიონი ბარელი ნედლეული შევა, რაც ფასების დროებით სტაბილიზაციას ისახავს მიზნად.
ვაშინგტონი- და იერუსალიმი ირანული სამხედრო-სამრეწველო ბაზის განადგურებასა და თეირანის ბირთვული ამბიციების საბოლოო აღკვეთას - ძალის გამოყენებით ცდილობს. მოკავშირეებმა დღეს მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანეს ირანის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე, ტექნოლოგიურ ბაზებსა და შიდა უსაფრთხოების ობიექტებზე.
დარტყმებს ახორციელებს ირანიც. დრონების თავდასხმის სამიზნე არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა - აფეთქება დუბაის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ბაჰრეინში კი საწვავის საცავები იწვის. რთული ვითარებაა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც: ირანული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების მოგერიებას ომანი, ქუვეითი და საუდის არაბეთი ცდილობენ. სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭომ - რეზოლუციას მხარი 15 წევრიდან 13-მა დაუჭირა.
ავტორი:ლუკა ჩლაიძე.