პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გერმანიის მთავრობას ვრცელი წერილით მიმართავს. მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი ინტერესდება, თუ რა პროექტებს აფინანსებს ოფიციალური ბერლინი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და რა მიზნებს ემსახურება ეს პროექტები? - გერმანული პარტია გერმანიის მთავრობას სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. მაგალითად კი, "ქართული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის" პროექტს ასახელებენ, რომელიც მათივე თქმით, საქართველოში "LGBTIQ-უფლებებსა" და ე.წ. "ერთნაირსქესიანთა ქორწინებას" უწევს პოპულარიზაციას. ოპოზიციური პარტიის წევრები მთავრობისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ.
გერმანიის მთავრობა და ელჩი პეტერ ფიშერი რომ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა ეს დღეს ევროპარლამენტარმა თომაშ ფროელიხმაც დაადასტურა. ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, მიუღებელია როდესაც ელჩი პოლიტიკურად მიკერძოებულია და ამას არც მალავს.
ოფიციალურ ბერლინთან და გერმანელ დიპლომატთან კითხვები არ აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ვერც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და ვერც ელჩის მხრიდან ვენის კონვენციის დარღვევას ხედავენ.
რა მიზნით იხარჯება უცხოური ფული საქართველოში - მმართველ გუნდს კითხვა აღარ აქვს. "ქართული ოცნებისთვის" უახლესმა წარსულმა, რევოლუციისა და დამხობის მცდელობებმა, სიძულვილის ენის გაღვივებამ და უცხოელი აქტორების მხრიდან რადიკალური პროცესების წახალისებამ, ცხადყო, რომ უცხოური თანხები საქართველოში არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იგზავნება.
გერმანიის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ბუნდესტაგს წერილით 3 მარტს მიმართა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" წევრებმა ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინაც მიმართეს და საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით დაინტერესდნენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე