თინა ბოკუჩავამ, დღეს, ოპოზიციური ალიანსის ერთი პარტიული ქოლგის ქვეშ მოქცევა არ გამორიცხა. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარემ მედიასთან თქვა, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებისთვის დიდი ხანია მზად არიან. ბოკუჩავას სურვილებს ეწინააღმდეგება მასთან ალიანსში მყოფი ნიკა გვარამია.
"ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაციაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცხრავე ოპოზიციური პარტია ბოლოს მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურება. გადაწყვეტილებებს კი ქვეყნის გარედან ნაკარნახევი მითითებებით იღებენ. მმართველ გუნდში გაიხსენეს ის შეურაცხმყოფელი განცხადებებიც, რომელსაც დღეს ერთი პოლიტიკური მაგიდის ირგვლივ მსხდომი ოპოზიციონერები, ერთმანეთის შესახებ აკეთებდნენ.
ამ განცხადებების მიუხედავად, დღეს "ფედერალისტები" იმ 9 პარტიას შორისაა, რომლებმაც ახალი ალიანსი შექმნეს. თამარ ჩერგოლეიშვილს დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია. გიგი წერეთელი კი, რომელიც მას ღია ეთერშიც აკრიტიკებდა ამბობს, რომ ახლა წარსულის გახსენების დრო არ არის.
ოპოზიციის ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი დაკორექტირდეს. თემაზე განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ხელისუფლების ოპონენტების განულებულ რეიტინგზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციური ალიანსი არ არსებობს და "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანს.
საერთო პოლიტიკური წარსულით, ახალი ოპოზიციური ალიანსი ერთი კვირის წინ შეიქმნა. გაერთიანდებიან თუ არა "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულები და პარტიაში დარჩენილები ისევ ერთი პარტიული ნომრის ქვეშ, მომდევნო თვეებში გადაწყდება.