03 აგვისტო 2026,   12:48
ვრცლად
თეა ხიბლაშვილი - ქალი რეინჯერი ფშავ-ხევსურეთიდან

საქართველოს ჩრდილოეთში, სადაც მთები თითქმის ცას ეხება და ბუნებაც ხელშეუხებელია ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკია.

ფშავ-ხევსურეთის მთებში დილა ადრიანად იწყება. აქ ცხოვრება შრომას ნიშნავს — ჯერ ოჯახი და მეურნეობა, შემდეგ კი გზა ტყისკენ. თეა ხიბლაშვილის დღის დასაწყისიც ასეთია. სანამ ეროვნული პარკის რეინჯერის ფორმას ჩაიცვამს და პატრულირებაზე გავა, ჯერ სახლში მუშაობს — უვლის ძროხებს, აჭმევს ქათმებს და ოჯახის ყოველდღიურ საქმესაც ასწრებს.

მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მისი მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე. თეა ხიბლაშვილი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერია. პროფესიაში, რომელიც მამაკაცურ საქმედ ითვლება, მან საკუთარი ადგილი ბუნების სიყვარულით მოიპოვა.

ბევრი ფიქრობს, რომ რეინჯერის საქმე ქალისთვის რთულია, თეამ თავისი საქმის სიყვარულით საპირისპირო დაამტკიცა. ის თავისუფლად მართავს კვადროციკლს, შესანიშნავად ზის ცხენზე და უკვე წლებია, კოლეგებთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ბუნებრივ სივრცეს იცავს.

რეინჯერის სამუშაო მარტივი არ არის. ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვრცელი და რთული რელიეფი რეინჯერებისგან დიდ გამძლეობას მოითხოვს. პატრულირებისას ისინი მთის ბილიკებზე, ხშირად საათობით გადაადგილდებიან, აკვირდებიან გარემოს, ამოწმებენ ფოტოხაფანგებს და სწავლობენ ცხოველების კვალს.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მრავალი იშვიათი სახეობის ცხოველის ჰაბიტატია. აქ ბინადრობს კავკასიური ჯიხვი, დათვი, მგელი. მათი ბუნებრივი გარემოს დაცვა რეინჯერების ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

რეინჯერის საქმე ხშირად რთულ პირობებში მიმდინარეობს — მკაცრი ამინდი, რთული რელიეფი და ხანგრძლივი პატრულირება მათი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, როცა საქმე ბუნებას ეხება, სიყვარული და პასუხისმგებლობა ყველა სირთულეს ალახინებს.

დღეს სულ უფრო მეტი ქალი ირჩევს ბუნების დამცველობას. რეინჯერი ქალები საქმით ამტკიცებენ, რომ ამ პროფესიაში მთავარი მხოლოდ ფიზიკური ძალა არ არის — საჭიროა გამძლეობა, პასუხისმგებლობა და იმ გარემოს დიდი სიყვარული, რომელსაც იცავ.

ფშავ-ხევსურეთის მთებში ბუნებას ქალი იცავს. ეს თეასთვის მხოლოდ სამსახური არ არის - ეს მისი ცხოვრების გზაა... და ქვეყნისადმი თავდადების მაგალითიც.

დღის ამბები