18 ივნისი 2026,   19:54
ვრცლად
ქალების ცხოვრება ირანში ისლამურ რევოლუციამდე - პროტესტი და ბრძოლა ელემენტარული უფლებების მოსაპოვებლად

დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი იყო ირანი ნახევარი საუკუნის წინ - ფერადი, ქალები მოკლე კაბებით, საცურაო კოსტიუმებით.

მიუხედავად უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ავტოკრატიული რეჟიმისა, ირანი იმ დროს დასავლური განვითარების იყო. ქალები სწავლობდნენ, მუშაობდნენ, ერთობოდნენ, მანამ, სანამ დრო უკუსვლას დაიწყებდა.

1979 წელს, ირანის ისლამური რევოლუცია იწყება. შაჰი ქვეყნიდან გარბის.

ხელისუფლებაში რელიგიური რეჟიმი მოდის - აიათოლა რუხოლა ხომეინის რეჟიმი. თეოკრატიული ირანი დასავლეთს ემიჯნება. ზღუდავს ქალის უფლებებს. იღებს კანონს, ჰიჯაბის სავალდებულო ტარებაზე - თმის გამოჩენა დასჯადი ხდება. ქალებს მომდგარი, მოკლე ტანსაცმლის ჩაცმა ეკრძალებათ. ქუჩაში "მორალის პოლიცია" ჩნდება.

განქორწინების შემთხვევაში, კაცს მეტი უფლება ენიჭება - ბავშვზე მეურვეობის ნაწილშიც კი. რეჟიმი დაქორწინებულ ქალს მეუღლის თანხმობის გარეშე ქვეყნის დატოვებასაც უზღუდავს. ქალები ვეღარც საფეხბურთო მატჩებს ესწრებიან.

ასე ექცევა ქალის სხეული და არჩევანი კანონის ჩარჩოში.

ისლამური რევოლუციის შემდეგ, იმავე წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, უფლებაწართმეული ქალები მხუთავ კანონებს პროტესტით პასუხობენ, 100-ათასიანი მიტინგით.

ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა რეჟიმი დაუინდობლად პასუხობს, აპატიმრებენ, აწამებენ. ასე გადის წლები. აიათოლა ხომეინის მალე ალი ხამენეი ცვლის, არაფერი იცვლება ქალებისთვის. ბრძოლით მხოლოდ ერთს - საფეხბურთო მატჩზე დასწრების უფლებას იბრუნებენ. სკანდირებენ "ლურჯი გოგო" - ასე დაარქვეს ქალს, რომელმაც შეზღუდვის მოხსნამდე სტადიონზე შესვლა სცადა, დააკავეს და, პროტესტის ნიშნად, თავი დაიწვა.

იბრძვიან სიცოცხლისთვის, არჩევანის უფლებისთვის - გზადაგზა თანამებრძოლებს უკლავენ, უპატიმრებენ, ასახიჩრებენ, ყოველი 8 მარტი ირანელი ქალების ბრძოლის მთავარი ტრიბუნა ხდება.

რეჟიმის სიმბოლო - ეს 25 წლის მარზიე ებრაჰიმია, გოგონა, რომელსაც კვალი სახეზე დაასვეს. ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის, მას მჟავა შეასხეს. ეს ტკივილი ბევრმა ქალმა განიცადა.

22 წლის მაჰსა ამინი - დიქტატურის კიდევ ერთი მსხვერპლი. ის ჰიჯაბის ზედმეტად მოშვებული ტარების გამო, სასიკვდილოდ სცემეს. 2022 წელს, მაჰსას სიკვდილმა მსოფლიო შეძრა. ირანელმა ქალებმა შიშს ყველაზე ხმამაღალი უარი მაშინ უთხრეს - ქუჩაში ჰიჯაბები დაწვეს, თმა საჯაროდ მოიჭრეს. დიქტატორის სიკვდილი მოითხოვეს.

თეოკრატიულ ირანში დანთებული პროტესტის ცეცხლი მსოფლიოს მოედო. "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" ლოზუნგმა დედამიწის ქალები გააერთიანა.

მაჰსას სიკვდილის შემდეგ, კიდევ ბევრი ქალი მოკლეს.

დღეს, დიქტატორი ლიკვიდირებულია. ისევ 8 მარტია — ფერადი ყვავილების, ბედნიერი სახეების დღე - ირანელმა ქალებმა ისტორია საკუთარი სისხლით უკვე დაწერეს. ახლა, ცეცხლში გახვეულ ირანში, იმ ნაპერწკალს ელოდებიან, რომელიც თავისუფლებას დაუბრუნებთ.

დღის ამბები