08 აგვისტო 2026,   10:46
ვრცლად
"დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას გვერდში დგომისთვის - ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, მთლიანად ჩვენს მთავრობას და საელჩოს კატარში, ბატონ ვაკო ავალიანსა და მთელ გუნდს" - დამატებითი სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქე

მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა. ამით კი დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ.

საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, ვინც საქართველოს შესაბამის საელჩოებს, მთავრობის სპეციალური რეისებით სარგებლობის თხოვნით მიმართა, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდა- მასკატიდან და რიადიდან განხორციელებული სპეციალური რეისებით.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოთხი სპეციალური რეისი განხორციელდა.

ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის, ერთ-ერთი მგზავრი, მაია თვალიაშვილი ხელისუფლებას მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, უღრმესი მადლობა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მთლიანად ჩვენს მთავრობას და უდიდესი მადლობა საქართველოს საელჩოს კატარში, ბატონ ვაკო ავალიანსა და მთელ გუნდს", - განაცხადა მაია თვალიაშვილმა.

დღის ამბები