06 აგვისტო 2026,   23:27
ვრცლად
შეხვედრები პენტაგონში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში - აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია

შეხვედრები პენტაგონში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში - აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია. ბოლო ღონისძიება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა, სუვერენულ ერთა სამიტია.

ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პანელზე სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციის ხელმძღვანელმა თემატურ საკითხებთან ერთად აქცენტი მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა და საქართველოს მიერ არჩეულ იმ სტრატეგიაზე ისაუბრა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირებულებებს და მშვიდობის პოლიტიკას აძლიერებს. 

"ძალიან ბევრი, პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც გამოითქვა მზაობა იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, გაფორმდეს ახალი სტრატეგიული შეთანხმება, რომელიც კონკრეტული შედეგებითა და მიმართულებებით იქნება გამორჩეული. ყველა ეს შეხვედრა მიმდინარეობდა უაღრესად მეგობრულ და თბილ გარემოში. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ შეგვხვდნენ, მათ შორის სენატორები, კონგრესმენები, სხვადასხვა თინგთენქის წარმომადგენლები კარგად ფლობდნენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ესმოდათ ის არგუმენტები, რომელიც გვქონდა და იცნობდნენ იმ პოლიტიკური უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ეს, რა თქმა უნდა, არის დადებითი მომენტი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი აცნობიერებენ საქართველოს მდგომარეობას და ამის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებას საქართველო-ამერიკის მომავალი ურთიერთობის შესახებ. საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო იმას, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთს მიერ და ეს დამატებით გამოწვევებს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ყველა შეხვედრაზე, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მხრიდან, აღვნიშნეთ, რომ გვაერთიანებს ღირებულებითი ერთობა. ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ მაღალ დონეზე განვითარდეს პოლიტიკური და ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის. შეხვედრებზე, ხაზი გაესვა იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ გეოსტრატეგიულ მდებარეობას, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი უდავოა.  ეს ხელს შეუწყობს ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობას", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები