"ვფიქრობ, მათ არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარე გამოკითხვების შესახებ განაცხადა.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მათ "პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც საქართველოს რეპუტაციას ლახავს".
"ეჭვი მეპარება, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული არგუმენტები აქვთ. თუ მათ მტკიცებულებები ექნებოდათ, მაგ შემთხვევაში, კითხვა ჩნდება თუ რატომ არ წარადგინეს, ეს მტკიცებულებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ეს არის ჭორაობა. ეს ყველაფერი გვაგონებს იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს. ზუსტად ეს აქტორები გვაბრალებდნენ, რომ შავი ხვრელი ვიყავით რუსეთისთვის, სანქციების გვერდის არიდებაში. ანალოგიურთან გვაქვს საქმე.
ესენი არიან ქვეყნის მტრები, ესენი არიან ადამიანები, ვისაც ურჩევნია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ვფიქრობ, მათ არანაირი ფაქტი არ გააჩნიათ. პასუხი უნდა აგონ იმ ჭორაობის გამო, რომელიც საქართველოს ულახავს რეპუტაციას, მეორე მხრივ, ზრდის რისკებს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაც უბედურება მოხდეს", - ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იკითხებიან. გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძე და ვახტანგ კაპანაძე.
სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებასა და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. თინა ხიდაშელთან შეკითხვები მის ბოლო განცხადებას ეხება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს.
გიორგი კანდელაკი კი "ჰადსონის" ინსტიტუტის მომზადებულ კვლევაში წერდა, რომ რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ასევე, ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს - შეკითხვები მის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა, სადაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჯიჰადს ასწავლიან. გამოძიების ფარგლებში, პირველი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა, მისივე სურვილით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.