06 აგვისტო 2026,   10:35
ვრცლად
"არაფერი თქმულა ისეთი, რაც ცნობილი არ არის" - გიორგი კანდელაკი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იკითხებიან. გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძე და ვახტანგ კაპანაძე.

სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებასა და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. თინა ხიდაშელთან შეკითხვები მის ბოლო განცხადებას ეხება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს.

გიორგი კანდელაკი კი "ჰადსონის" ინსტიტუტის მომზადებულ კვლევაში წერდა, რომ რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ასევე, ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას.

რაც შეეხება გივი თარგამაძეს - შეკითხვები მის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა, სადაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჯიჰადს ასწავლიან. გამოძიების ფარგლებში, პირველი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა, მისივე სურვილით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, რაც კვლევაში წერია, რომლის თანაავტორი თავადაა, ყველაფერი საჯაროდ ცნობილია.

"კვლევა, რომლის თანაავტორიც მე ვარ არის, პირველ რიგში, "ჰადსონის " ინსტიტუტის ინტელექტუალური საკუთრება და კვლევა. ყველაფერი საჯაროდ ცნობილია. არაფერი წერია იქ, არც სხვა კვლევებში - თინა ხიდაშელის კვლევებში, არასაჯარო განცხადებებიც გაკეთდა, სხვა ადამიანების მხრიდან - გივი თარგამაძის, ან გუბაზ სანიკიძის მხრიდან, არაფერი თქმულა ისეთი, რაც ცნობილი არ არის", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები