ვის ინტერესშია საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება და ნეგატიური კონტექსტის შექმნა? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უწყება განცხადებების ავტორებისგან კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს. გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე დაიბარეს, მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან. გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
საქმე ეხება ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ ცალკეულ განცხადებებს, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებასა და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. დეზინფორმაციული შტურმი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე - ოპონენტების ქმედებებს ომში ჩართვის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი.
ახლო აღმოსავლეთში მოვლენების გამწვავებასთან ერთად, გამწვავდა ოპოზიციის რიტორიკაც, ისე როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს იყო. ხელისუფლების ოპონენტები სხვადასხვა გზით, სხვადასხვა საჯარო სივრციდან ხმამაღლა საუბრობენ, თითქოს საქართველო "ირანის გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი", სანქციების გვერდის ავლის ქვეყანა და არალეგალურად, ტერორიზმის სწავლების ადგილია. განცხადებებს მტკიცებულებები არ ახლავს, თუმცა ახლავს მტკიცებითი ტონი ამ განცხადების ავტორების მხრიდან, რომელთაც საკუთარი ნათქვამის ფაქტებით დადასტურება ახლა სამართალდამცველების წინაშე მოუწევთ.
ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას, მათ შორის, ტერორიზმთან მინიშნებებს ეხებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. "კურიერის" შეკითხვის პასუხად სუსში აცხადებენ, რომ უწყება აკვირდება და სწავლობს როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე.
უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაადასტურა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულები იყვნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე, და სამივე მათგანი საკუთარი სურვილით საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებოდა. პირველი გუბაზ სანიკიძე იყო, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ კონკრეტული არაფერი თქვა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ასევე ერთ-ერთ ოპოზიციური არხიდან იუწყებოდა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს. მსგავსი განცხადებების ავტორთა სიას მოგვიანებით შეუერთდა გივი თარგამაძეც.
"კურიერს" სუსში დაუდასტურეს, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია გივი თარგამაძეც, რომელთან დაკავშირებაც, პირდაპირი საკომუნიკაციო არხებით ვერ ხერხდება.
"ნაციონალური მოძრაობა" ყოფილ თანაგუნდელებს ემიჯნება, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ სენსიტიურ დროს გაკეთებულ მწვავე განცხადებებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ის ოპოზიციის პოზიციას ასახავს.
რატომ ჩაანაცვლეს რუსეთის ფაქტორი ირანით? მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტებისთვის მნიშვნელობა არ აქვს არც ქვეყნის რეპუტაციულ ზიანს და არც სახელმწიფოს უსაფრთხოებას. უმრავლესობის თქმით, კონკრეტული აქტორები მსგავსი განცხადებებით რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე რისკის წინაშე აყენებენ არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას, რაც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობად ფასდება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ორგანიზებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება დროული იყო.
სუს-ში გამოძიება 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.