03 აგვისტო 2026,   19:59
ვრცლად
კომისიის თავმჯდომარე, რომელიც სურსათზე ფასწარმოქმნის სტრუტურას სწავლობს, ამბობს რომ საკითხის ინსტიტუციურ ჭრილში გადაჭრისა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მომხმარებელი საუკეთესო ფასს მიიღებს

იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც სურსათზე ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობს, ამბობს, რომ საკითხის ინსტიტუციურ ჭრილში გადაჭრისა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მომხმარებელი საუკეთესო ფასს მიიღებს. პარლამენტის დროებითი კომისიის მეხუთე სხდომაზე, პროდუქციის ბაზრის სტრუქტურა, სექტორის საოპერაციო ხარჯები და ფასწარმოქმნის ჯაჭვი - სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

დღევანდელ სხდომას საკვანძო საკითხებზე მსჯელობის გარეშე არ ჩაუვლია. რა ფაქტორები უწყობენ ხელს ფასების გაძვირებას, რამდენად განსხვავდება დახლზე მოთავსებული პროდუქტის ფასი თვითღირებულებისგან და რა გავლენას იქონიებს ბაზარზე ე.წ. ქეშბექის გაუქმება?

დისტრიბუტორებმა და იმპორტიორებმა მსხვილი ქსელური მარკეტების მიერ დაწესებულ სააქციო ფასებსა და ქეშბექებს შორის არსებული კორელაციაც განიხილეს. ითქვა, რომ ქსელები არასტანდარტულ ფასდაკლებებს გაზრდილი ქეშბექის საფუძველზე ახორციელებენ.

იმ კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებმაც კომისიის განვლილი სხდომების ფორმატში ფასების შემცირების მექანიზმებზე იმსჯელეს, დღეს პარლამენტში შეკრებილმა დისტრიბუტორებმა თქვეს, რომ ქეშბექის სისტემის გაუქმება, შემცირების ნაცვლად ფასების გაძვირებას გამოიწვევს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრები, მომდევნო სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმენენ.

დღის ამბები