10 აგვისტო 2026,   12:54
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეერთებულ შტატებში - რა შეხვედრები შედგა და რა საკითხებით დაინტერესდნენ ვაშინგტონში

რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენის ფორმატში? - მოსაზრებები თეთრ სახლში გაცვალეს, სადაც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა. იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გაჯანსაღდეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა. ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრა ქმნის ოპტიმიზმის საფუძველს, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად. ითქვა, რომ ამ მხრივ მხარეებს შორის პოზიტიური დინამიკა უკვე არსებობს.

მაღალი დონის შეხვედრებზე არანაკლებად პრიორიტეტულია უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები და ირანში განვითარებული მოვლენების გავლენა რეგიონზე. თუმცა ქართული დელეგაციისთვის მთავარი თემა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაა. ამაზე საუბრობენ სენატსა და კონგრესშიც - კანონმდებლებთან, რომლებიც საგარეო მიმართულებით მუშაობენ. სენატორ სტივ დეინსის შემდეგ შეხვედრა გაიმართა კონგრესმენ ადერფოლტთან. ტრამპის პოლიტიკურ მოკავშირესთან იმსჯელეს ორმხრივი თანამშრომლობის საკანონმდებლო საკითხებზეც..

ურთიერთობების გაუმჯობესების განაცხადით მიმდინარე შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში, თბილისში ოპოზიციის თქმით, არაფერს ნიშნავს. ხელისუფლების ოპონენტები ერთხმად ამბობენ, რომ საქართველოს და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის ნაბიჯები ცალმხრივად მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

დელეგაციის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქცია მმართველ გუნდს არ უკვირს.უმრავლესობა ოპოზიციას ახსენებს, რომ ამერიკასთან ურთიერთობა ცალმხრივად სწორედ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაზიანდა, ტრამპის ადმინისტრაციისგან კი რადიკალურად განსხვავებული მოლოდინებია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ხედავენ, თუმცა საჯაროდ არ აღიარებენ, რომ პროცესი დაიძრა და არსებობს კონკრეტული წინაპირობები, აღდგეს პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და ორმხრივი ინტერესებით.

ქართულმა მხარემ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე მუშაობისთვის მზაობა უშუალოდ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთანაც დაადასტურა. შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰანთან გაიმართა. ვიზიტი გრძელდება. საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას იღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაშიც, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს ეძღვნება.

საპარლამენტო დელეგაციას ჰქონდა შეხვედრა ანალიტიკური ცენტრის, ქუინსი ინსტიტუტის დირექტორთანაც. ისაუბრეს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით. განიხილეს მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, რუსეთ-უკრაინის ომი და შტატების მიდგომა.

დღის ამბები