ნახჩევანის საერთაშორისო აეროპორტი, ადგილობრივი დროით დილის 12 საათი - ირანმა აზერბაიჯანის ტერიტორიას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია.
მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ბაქომ თეირანს საპროტესტო ნოტა გადასცა, პრეზიდენტმა ალიევმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და ირანი გააფრთხილა, რომ შეიძლება აზერბაიჯანის პასუხი მკაცრი იყოს. ამ დროს ისლამური რესპუბლიკა ირწმუნება, რომ მომხდარი - ისრაელის თავდაცვის ძალებს უკავშირდება.
აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენების შემდეგ მალევე, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მაკა ბოჭორიშვილმა ჯეიჰუნ ბაირამოვს სოლიდარობა გამოუცხადა. გავრცელდა ოფიციალური განცხადებაც. თბილისის დიპლომატიური უწყების განმარტებით მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს,ნორმებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ.
ისლამური რესპუბლიკის მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფოების დაბომბვა საპასუხო იერიშია შტატებისა და ისრაელის იმ საერთო ოპერაციაზე, რომლის ფარგლებშიც ირანი უკვე 6 დღეა იბომბება.
კოალიციური ძალების მთავარი სამიზნე დღესაც თეირანია. ნადგურდება სამხედრო და პოლიტიკური ობიექტები. შტატების პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ სამხედრო ღონისძიება არ შეწყდება ვიდრე ყველა მიზანი არ მიიღწევა.
ბოლო მონაცემებით, ამერიკულმა ავიაციამ დაბომბა იმამ ალის სამხედრო ბაზა, განადგურდა აზადის სტადიონი, თეირანში შეტევები განხორციელდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე.
ირანს უკვე ხმელეთზე უტევენ ერაყელი ქურთები, რომლებმაც ისლამური რესპუბლიკის საზღვარი გადაკვეთეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის დაზვერვა - ირანში რევოლუციის მოწყობის მიზნით, ქურთებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
პარალელურ რეჟიმში, ისრაელი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ლიბანის ტერიტორიაზე. ცაჰალი ცდილობს ისლამური რესპუბლიკის მთავარი მოკავშირე - ჰეზბოლა გაანადგუროს.
კოალიციური ძალების ერთობლივი ოპერაციის საპასუხოდ, ისლამური რესპუბლიკა უტევს ისრაელს. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ამოქმედებულია განგაშის სირენები.
სპარსეთის ყურეში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით საზღვაო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ამერიკულ ნავთობტანკერზე.
ირანმა მიზანმიმართული იერიში მიიტანა ერაყის ტერიტორიაზე მყოფ ქურთულ დაჯგუფებებზეც, რომლებსაც თეირანი სეპარატისტებად და რევოლუციის მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს.
28 თებერვლიდან დღემდე განვითარებული მოვლენების გამო, ახლო აღმოსავლეთის ცა ფაქტობრივად დახურულია, აღარ ხორციელდება სამოქალაქო რეისები. თუმცა, შეუფერხებლად გრძელდება ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროცესი. დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიგით მეორე ჩარტერული რეისი დაეშვა - საუდის არაბეთის დედაქალაქიდან სამშობლოში კიდევ 171 მოქალაქე დაბრუნდა. კიდევ ერთი რეისი ომანის დედაქალაქ მასკატიდან შესრულდა.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს. ამერიკისა და ისრაელის გაერთიანებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, ირანის ინფრასტრუქტურაზე უმძიმესი დარტყმები განხორციელდა. უახლესი ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია 48 ირანელი მაღალჩინოსანი. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, სრულად განადგურებულია 17 ხომალდი, 34 სამხედრო თვითმფრინავი და 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა. სრულად პარალიზებულია 9 სტრატეგიული სარაკეტო ბაზა. ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უახლესი ცნობებით, დასტურდება, რომ მასშტაბური იერიში მიიტანეს ნატანზის ბირთვულ ობიექტზეც.