პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ ქართული ონლაინგამოცემების სპეკულაციურ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მონაწილეობას ეხება.
გამოცემებმა დაწერეს მხოლოდ ის, რომ საქართველო არ შეუერთდა იმ 11 ქვეყანას, რომელმაც პარაოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა. მაგრამ არაფერი უთქვამთ, რომ იმავე ქვეყნებს ბოიკოტი პარაოლიმპიური თამაშებისა და დახურვის ცერემონიისთვის არ გამოუცხადებიათ და მხოლოდ გახსნის ცერემონიას არ დაესწრებიან.
ბოიკოტს საერთოდ არ შეუერთდნენ აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, იტალია და კიდევ 41 ქვეყანა. რატი იონათამიშვილი "კურიერთან" ამბობს, რომ სპორტსმენების ბულინგის ნაცვლად, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ქართველი პარა ათლეტების გარშემო.
საპარლამენტო ოპოზიციამ ქართველი პარაოლიმპიელების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია დღეს ღიად ვერ გააკრიტიკა, თქვეს მხოლოდ ის, რომ სპორტი პოლიტიკისგან ყველა მხარემ უნდა გამიჯნოს. სხვა პოზიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". მიხეილ სააკაშვილის გუნდი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ თამაშებში, რომელშიც რუსეთი რაიმე საშეჯიბრო მიმართულებას ხელმძღვანელობს. მმართველი გუნდი კი უცხო ძალებისგან დაფინანსებულ ნარატივსა და, პროპაგანდისტულ მიდგომაზე საუბრობს.
"ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციისა და ონლაინმედიის ინტერესებს შორის ზღვარი წაშლილია.
ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები ხვალ გაიხსნება. მასპინძელი ქვეყანა იტალიაა. მასში მონაწილეობას საქართველოს გარდა 55 ქვეყანა იღებს.