მმართველი გუნდი საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციის მცდელობაზე აკეთებს აქცენტს. საუბარია, "ზე ჰილსში" გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის ავტორიც ქეთი ქორქიაა და რომელიც საქართველოს ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ინსტრუმენტად ასახელებს.
"ჰილსის" სტატიაში ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე ავტორი ამბობს, რომ ქვეყანაში გაზრდილია ირანული სანქცირებული პროდუქციით ვაჭრობა და რეექსპორტი. სტატია ფაქტების გარეშე, მალევე საერთაშორისო გამჭვირვალობის უცვლელი ხელმძღვანელის ეკა გიგაურის სოციალურ ქსელშიც გაზიარდა. სახელისუფლებო გუნდისთვის არასამთავრობოებისა და ოპონენტების მსგავსი ქმედება ანტისახელმწიფოებრივი მიდგომების დასტურია.
ამერიკაში მოქმედი დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარი "ზე ჰილსის" გვერდებზე იმასაც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ირანელებმა "ინვესტბანკის" 70 პროცენტი შეიძინეს და მისი დახმარებით 8 მილიონი დოლარის უკანონო ტრანზაქცია განახორციელეს. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრება დღეს სიცრუეში, ეროვნული ბანკის განცხადებამ ამხილა.
ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იცავს ირანის მიმართ აშშ-ის და საერთაშორისო სანქციათა რეჟიმს. სტატიაში ნახსენები "ინვესტბანკი" კი 2016 წლის 14 ნოემბერს გაუქმდა. რაზე დაყრდნობით წაუყენა ეკა გიგაურმა საქართველოს უმძიმესი ბრალდება - ამ კითხვაზე მას დღეს პასუხი არ გაუცია. გიგაურის და ქორქიას პოზიცია ნაცმოძრაობამ დაიცვა. განსხვავებულია გახარიას გუნდის პოზიცია.
რეგიონში არსებული ომის და გეოპოლიტიკური სირთულეების ფონზე, მსგავსი დეზინფორმაციული კამპანია ღალატის ტოლფასია მმართველი პარტიის ლიდერებისთვის. დედაქალაქის მერმა დღეს "ჰილსის" სტატიის ავტორსა და ოპონენტებს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად მოქმედება ურჩია. ამერიკულ გამოცემა "ზე ჰილსის" სტატიაში საქართველო-ირანის ვაჭრობის მაჩვენებლის უპრეცედენტო ზრდაზეცაა საუბარი. რეალურად კი 2025 წლის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი ჯამური სავაჭრო ბრუნვის 1 პროცენტს მცირედით აღემატება.