საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
"დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან სომხეთში საქართველოდან შემოდის მატარებლები და იმედი გვაქვს, სარკინიგზო მიმოსვლის შედეგად, ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ საკითხში თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში. ჩვენ მომავალშიც უპირობოდ დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობა ძალიან კარგი და პოზიტიურია. ეს არის არსებითი და მნიშვნელოვანი ფასეულობა", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.