უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი და შეერთებული შტატები ირანში ერთობლივ სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ. საპასუხო იერიშებს ახორციელებს ისლამური რესპუბლიკა.
აფეთქებებისა და გამაფრთხილებელი სირენების ხმა, მთელი ღამის განმავლობაში, ისმოდა იერუსალიმში, თელ ავივში, რამათ განსა და ბერ-შებაში. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მსუბუქი დაზიანებები მიიღო სამმა ადამიანმა. პარალელურად, ისრაელი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას აწარმოებს ლიბანის ტერიტორიაზეც, ცაჰალის განმარტებით, მთავარი მიზანი - "ჰეზბოლას" განადგურებაა.
ამავე დროს, შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაური იტყობინება, რომ ამერიკის სამხედრო ძალებმა უკვე გაანადგურეს 17 ირანული გემი, მათ შორის წყალქვეშა ნავი. ბრედ კუპერის თქმით, ამჟამად არაბეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში ან ომანის ყურეში არც ერთი ირანული გემი არ მოძრაობს.
პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტ ჰკითხეს თუ ვინ შეიძლება გახდეს ირანის ლიდერი, რომელსაც აშშ მხარს დაუჭერს.
დონალდ ტრამპმა, ირანის ყოფილი შაჰის შვილი რეზა ფაჰლევი ახსენე, თუმცა ამბობს, რომ მის კანდიდატურაზე დიდად არ უფიქრია. ტრამპი აქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ლიდერად შესაფერისი იქნება ადამიანი, ვინც ირანში ცხოვრობს და ხალხი მხარს უჭერს.
"ტრამპი - ვისაც ირანის მომავალ მმართველად მოვიაზრებდით, ყველა მკვდარია და ვისაც ახლა მოვიაზრებთ, შესაძლოა, ისიც მოკვდეს. ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ის იქნება, თუ მმართველად მოვა ვიღაც ისეთი, ვინც ისეთივე ცუდი იქნება, როგორც მისი წინამორბედი. ჩვენ არ გვინდა, რომ ასე მოხდეს. ოპერაციის მესამე ტალღა ახლოვდება. რაც შეეხება საკითხს, ვინ შეიძლება გახდეს ირანის ლიდერი, ვისაც ჩვენ მხარს დავუჭერთ. შაჰის შვილი, რეზა ფაჰლევი ზოგიერთ ადამიანს მოსწონს. თუმცა, მის კანდიდატურაზე დიდად არ გვიფიქრია. მეჩვენება, რომ სახელმწიფოს ლიდერად უფრო შესაფერისი იქნება ადამიანი, ვინც ირანში ცხოვრობს და ირანელი ხალხი მხარს უჭერს", - განახადა დონალდ ტრამპმა.