15 აგვისტო 2026,   20:54
ვრცლად
გაერთიანების მორიგი მცდელობა - "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრების მორიგი გაერთიანება გუშინ დაფუძნდა

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილი გენერალური პროკურორი, უშიშროების საბჭოს ექსმდივანი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი ვიცე-სპიკერი, ევროინტეგრაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პარტიის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ამტკიცებენ, რომ საზოგადოების დაკვეთით ახალ ოპოზიციურ ერთობას ჩაუყარეს საფუძველი. საუბარია ნიკა გვარამიას ინიციატივაზე, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებული 9 პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ერთი ქოლგის ქვეშ მოაქცია. ერთობას მხარდაჭერა მომენტალურად გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, რომლის მიზანიც მორიგ ჯერზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობა ნაცმოძრაობის სახეების მორიგ გაერთიანებას. კანონმდებლების აზრით, რებრენდინგის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სააკაშვილის პარტია ძალადობრივ იდეოლოგიას ეფუძნება, რომელსაც საქართველოში წარმატების შანსი არ ექნება.

სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია და სხვები მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდებიან გახარიასა და ხაზარაძის პარტიებისთვისაც. "ლელო" და "საქართველოსთვის" ერთობასთან თანამშრომლობას არ აპირებენ. გახარიას თანაგუნდელების თქმით, 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ ერთობაში შეკრებილ პოლიტიკოსებზე მოდის.

"ლელოსა" და გახარიას პარტიის "ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირება წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლების თქმით, ძალების დივერსიფიცირების მცდელობა გარე ლობისტების დავალებაა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთობა კი კრახისთვის არის განწირული.

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრების მორიგი გაერთიანება გუშინ დაფუძნდა. მსგავსი ფორმატი ნათელაშვილის ფანჩატურიდან დღემდე საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. არ არის გამორიცხული, რომ მრავალგზის გაყოფილი "ნაცმოძრაობა" მომდევნო არჩევნებზე ამომრჩეველმა ისევ ერთიანი სახით იხილოს.

დღის ამბები