ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ისრაელი თეირანს ბომბავს. დარტყმა იყო სახელმწიფო ტელევიზიაზე. ბოლო 24 საათში, განადგურებულია არაერთი სამხედრო ობიექტი, მათ შორის, საზღვრის დაცვის სარდლობის შტაბ ბინა ქალაქ სანან აჯში, ისპაჰანის ავია და თეირანის სამხედრო ბაზები.
სამიზნეა რელიგიური ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული შენობები. საომარი მოქმედებების ფონზე, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ირანში იერიშების შედეგად 742 მოქალაქე დაიღუპა, მათგან 176 ბავშვი. ათასამდეა დაშავებულთა რაოდენობა.
დარტყმებს განაგრძობს ირანიც. ღამით დაიბომბა ისრაელი, აფეთქებების ხმა ისმოდა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში. ცხელი წერტილებია ერაყი და იორდანია.
"მათი მიზანი სწორედ ხელშეუხებლობის გარანტიის მოპოვება იყო - შეექმნათ რეგიონისთვის იმდენად მაღალი საფრთხე, რომ მათ ბირთვულ ამბიციებსა და პროგრამაში ჩარევა ვერავის გაებედა. ეს მიუღებელი რისკია, მით უმეტეს იმ რეჟიმის ხელში, რომელსაც რადიკალი სასულიერო პირები მართავენ. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ირანელი ხალხი შეძლებს ამ რეჟიმის დამხობას და საკუთარი ქვეყნისთვის ახალი მომავლის შენებას. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, მაგრამ ამ კონკრეტული მისიის ამოცანა მაინც ირანის სარაკეტო და საზღვაო პოტენციალის განადგურებაა", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.