"ამ პროცესების რეალური მიზანი არის თავისუფალი მედიის, თავისუფალი ხმის ჩახშობა, რომ მოსახლეობამდე სიმართლემ არ მიაღწიოს" - ეს მიზანი, "ქართული ოცნების" თქმით, რეალობად ვერ იქცევა და ბრიტანეთის გადაწყვეტილება მოსახლეობის ინფორმირებას ხელს ვერც ახლა შეუშლის და ვერც მომავალში. სახელისუფლებო პარტია თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოფიციალურ ლონდონამდე ამას ქართულ ოპოზიცია ცდილობდა. მაშინ როცა გამჭვირვალობის კანონს რუსულს, "ქართული ოცნების" ნებისმიერ განცხადებას კი ანტიევროპულს უწოდებდნენ. ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციისა და ენჯეოების რეაქცია მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ისინი არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ძალების ინტერესებით მოქმედებენ.
დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას 2 ქართული ტელევიზიის წინააღმდეგ არა მხოლოდ მიესალმებიან, არამედ ობიექტურადაც თვლიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ, რომ მათთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა.
თავისუფალ მედიაზე თავდასხმით, რესურს გამოცლილი ოპოზიციის მხარდაჭერა - სწორედ ეს არის "ქართული ოცნების" თქმით, ბრიტანეთის გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი. სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია რომ ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ქართულმა ოპოზიციამ ბრიტანეთის ელჩთან ერთად ითამაშა. იმ ელჩთან, რომელმაც 2 დღის წინ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკანა კარიდან, კომენტარის გარეშე დატოვა.
დიდმა ბრიტანეთმა "იმედისა" და "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება 4 დღის წინ მიიღო. ამ თემაზე გუშინ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც სახელისუფლებო პარტიის საპატიო თავმჯდომარეც ესწრებოდა.
ავტორი: ნანა გოგატაძე.