"საერთაშორისო გამჭვირვალობა რუსეთი", რომელიც ბრიტანეთში ფუნქციონირებს, ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფ ე.წ. ოფშორულ ზონებზე საუბრობს, რომელიც სავარაუდოდ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება. საუბარია, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე დარეგისტრირებულ 145 კომპანიაზე, რომლებმაც 2022-2025 წლებში რუსეთთან 29 000 სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელეს, რაც ჯამში 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ოფშორულმა ფირმებმა რუსეთში160 ძვირადღირებული იახტაც გაყიდეს, რომელთა იმპორტიც სწორედ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან განხორციელდა.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედი ოფშორული კომპანიები და მათ მიერ სანქცირებულ რუსეთთან სავარაუდო ვაჭრობა - საგარეო უწყებაში დაბარებულ ბრიტანეთის ელჩთან საუბრის ერთ-ერთი თემაც იყო. მაკა ბოჭორიშვილის აზრით, იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთი ქართული ტელევიზიების უსაფუძვლოდ დასჯას ცდილობს, მათი სავაჭრო კავშირები რუსეთთან დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
2022 წლის თებერვლიდან რუსეთი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. უკრაინაში შეჭრიდან მალევე ბრიტანეთმა, ამერიკამ და ევროკავშირმა მოსკოვს არაერთი შეზღუდვა დაუწესა. ქართულ ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში საგანგაშო არაფერია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ცივილიზებულ სამყაროს რუსული ბუნებრივი რესურსები სჭირდება. ქართულ მედიისთვის კი თავისუფლების შეზღუდვას სრულიად ლეგიტიმურად ცდილობს.
ოპონენტების განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებისთვის ბრიტანული ტერიტორიებიდან ოფშორული ფირმების რუსეთთან ურთიერთობა, გაერთიანებული სამეფოს ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მიდგომებს ადასტურებს. კანონმდებლებმა დღეს საზოგადოებას შეახსენეს, რომ საქართველოს, სანქციების აღსრულების პროცესში, უშეცდომო მოქმედება თავად ბრიტანელმა, ამერიკელმა და ევროპელმა მონიტორებმა არაერთხელ დაადასტურეს.
ბრიტანეთში მოქმედმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ ვრცელი კვლევა სახელწოდებით - "ბინძური ფული" საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა. სტატიაში ჩანს, რომ მხოლოდ გასულ წელს ოფშორულმა კომპანიებმა რუსეთში 134 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელეს.