07 აგვისტო 2026,   15:54
ვრცლად
წინანდალში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს

წინანდალში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან, წელს უკვე მეშვიდედ ტარდება.

ბიზნეს სექტორს საშუალება აქვს, ინფორმაცია მიიღოს ფორუმში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რეფორმების და რეგიონული პროექტების შესახებ. ტარდება პანელური სესია, მიმდინარეობს შეხვედრები.

ფორუმში მონაწილეობენ თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრების ხელმძღვანელობით. ღონისძიებას 400-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ფორმატი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის.

"მოხარულები ვართ, რომ უდიდესი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა ფორუმმა ბიზნეს სექტორში. დღეს ჩვენ ერთად ვმასპინძლობთ 350 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, რომ დაამყაროს ურთიერთობები, გააღრმაონ არსებული კავშირებით, მათ შორის პლატფორმა იქნება უდიდესი შესაძლებლობა, არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომ გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. უამრავი ახალი შესაძლებლობაა, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია უფრო მეტად რომ გავზარდოთ ეკონომიკური ურთიერთობები, გავაღრმაოთ ეკონომიკური, სავაჭრო კავშირები, ჩვენს პარტნიორ მეზობელ ქვეყნებთან ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, ომერ ბოლატის განცხადებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო და თურქეთი ერთმანეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორები არიან

"ეს ფორუმი ნამდვილად ჰგავდა კავკასიის რეგიონის დავოსს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორები არიან. თურქეთი ამჟამად საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს ქვეყნებს შორის ფართო და მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს. როგორც მთავრობები, ისე ბიზნესსექტორები, აქტიურად ვმუშაობთ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. გასულ წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვამ 3.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში მიზნად ვისახავთ ამ ბრუნვამ 5 მილიარდ დოლარს მიაღწიოს", - განაცხადა ომერ ბოლატიმმა.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის, მიქაელ ჯაბაროვის განცხადებით, აღნიშვნის ღირსია ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც საქართველომ და აზერბაიჯანმა განახორციელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

"ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი ვართ არა მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მშვიდობიანი თანაცხოვრებით, მეგობრობითა და ნდობით, რაც ამ ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. არ არის შემთხვევითი, რომ აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში 3 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. წამყვანი ინვესტორები არიან მსხვილი ეროვნული კომპანიები, საქართველოში საქმიანობს ასობით სხვა აზერბაიჯანული კომპანია სხვადასხვა სექტორში — ტურიზმში, უძრავ ქონებაში, წარმოებაში, სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო დერეფნებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით", - მიქაელ ჯაბაროვმა.

დღის ამბები