06 აგვისტო 2026,   13:43
ვრცლად
საქართველოს სახაზინო ობლიგაციების ინდექსი ხელმისაწვდომია ისეთ საერთაშორისო ფინანსურ პლატფორმაზე, როგორიცაა Intercontinental Exchange, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის - ნათია თურნავა

საქართველოს სახაზინო ობლიგაციების ინდექსი უკვე ხელმისაწვდომია ისეთ საერთაშორისო ფინანსურ პლატფორმაზე, როგორიცაა Intercontinental Exchange - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიური სამუშაო გავწიეთ ინდექსის პროვაიდერ საერთაშორისო პლატფორმებთან, რომლებიც მსგავს ინდექსებს განვითარებული ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე აქვეყნებენ. ინდექსი, მარტივად რომ ავხსნათ, არის კრებსითი მაჩვენებელი, რომელიც ასახავს სხვადასხვა ფასიანი ქაღალდის ფასებსა და მომგებიანობას.

დღეს ეს ინდექსი უკვე გამოქვეყნდა ისეთ საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორიცაა Intercontinental Exchange (ICE), რომელიც არის Bank of America-ს სტრატეგიული პარტნიორი. ამ ჯგუფში შედის ისეთი ცნობილი ბირჟები, როგორიცაა, მაგალითად, New York Stock Exchange (NYSE). ახლა უკვე ამ პლატფორმასა და ასევე Bloomberg-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია საქართველოს სახაზინო ობლიგაციების, ანუ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, ინდექსი.

ეს კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალეს ხდის ჩვენი ფასიანი ქაღალდების ბაზარს და უფრო მიმზიდველს - ინვესტორებისთვის, რადგან ეს არის მათთვის ჩვეული, ცივილიზებული ფორმა, თუ როგორ ადევნონ თვალყური ფასების ცვლილებას, მომგებიანობის დინამიკასა და, ზოგადად, ჩვენი ბაზრის განვითარებას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება უცხოელი ინვესტორების ჯგუფი, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს ჩვენს ფასიან ქაღალდებში," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები