აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ სატრენინგო თეორიულ-პრაქტიკულ კურსს იწყებს. უფასო სამთვიან სასწავლო პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია. მსურველებმა რეგისტრაცია 11 მარტამდე დეპარტამენტის სერვისის განვითარების გვერდზე უნდა გაიარონ. მასში მონაწილეობა გიდის პროფესიით დაინტერესებულ იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც მინიმუმ ერთ უცხო ენასა (B2 დონე) და გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ფლობენ.
ტრენინგის მონაწილეების შერჩევა გასაუბრების შედეგად მოხდება. სამთვიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა მარტის ბოლოს დაიწყება და ივლისამდე გაგრძელდება. გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა.