11 აგვისტო 2026,   19:19
ვრცლად
ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულად - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ისინი ძალიან ხშირად საუბრობენ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულად.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, შუა აზიის ქვეყნებისა და საქართველოს ინტერესები შუა დერეფნის საკითხში ემთხვევა და ეს შესაძლებლობა საქართველო უნდა გამოიყენოს.

"ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულად. მათი ინტერესი არის და ამ შემთხვევაში, ჩვენი და მათი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს, როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს უკვე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ვისთანაც არ გვაქვს კიდევ უფრო დავაახლოოთ ეს პოზიციები და უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველო და მისი პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში. მიუნხენში, შუა დერეფნის საკითხთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მეც მივიღე მონაწილეობა მსგავს განხილვებში, თქვენ ნახეთ ალბათ აზერბაიჯანის პრეზიდენტიც საუბრობდა იგივე შუა დერეფანზე და შუა დერეფნის განვითარებაზე. ეს ის საკითხია, რომელიც დღის წესრიგში ბუნებრივად დგას და ჩვენთვის არის შესაძლებლობა იმისათვის, რომ საქართველო უკეთ იყოს სატრანზიტო დერეფანში ჩართული და უკეთ იყოს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული. ახლა ევროპა რამდენად ხედავს და აღიარებს ამ ყველაფერს, ეს სხვა საკითხია. ძალიან სამწუხაროა ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ევროკომისიის მხრიდან. რაღაცნაირი უარყოფის პოზიციაში ყოფნა, რომ არ სურთ არც რეალობის დანახვა და მე მგონი, არც რუკაზე დახედვა, რომ შეამჩნიონ სად არის საქართველო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ევროპული უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის და კეთილდღეობისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები