ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესის ტრიბუნიდან ირანი ატომური იარაღის პროგრამის აღდგენის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საკუთარ ბირთვულ ამბიციებზე უარი არც მას შემდეგ უთქვამს, რაც გასული წლის ივნისში აშშ-ის ავიაციამ ქვეყნის სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზე წერტილოვანი "გამაფრთხილებელი დარტყმები" განახორციელა.
ვაშინგტონის ბრალდებებს პასუხობს ოფიციალური თეირანი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონია და არც მისი შექმნა უცდია. ქვეყანაში მოქმედი ატომური ენერგიის ობიექტები მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ამასთან, თეირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან დარტყმების შემთხვევაში ქვეყანა გაეროს წესდებით გარანტირებულ თავდაცვის უფლებას გამოიყენებს.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე ესკალაციის ფონზე, ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე დიპლომატებმა ბირთვული განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, სხდომაზე აღიარა, რომ წლებია ამ ფორუმის ფუნქციონირებას ხელშესახები შედეგი არ ჰქონია.
ბოლო კვირების განმავლობაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი გადაისროლა, რაც, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ირანზე დარტყმისთვის მზადებას უკავშირდება. სამხედრო ძალის დემონსტრირების პარალელურად, ვაშინგტონი თეირანთან ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს. მხარეებს შორის მორიგი დიპლომატიური რაუნდი ხვალ, ჟენევაში გაიმართება.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე