პირველი ეტაპი გავლილია - საპარლამენტო კომისიამ უკვე დაასრულა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრები. დღეს სასურსათო პროდუქციის ფასების შემსწავლელი კომისიის წევრებმა დისტრიბუტორებისა და იმპორტიორების წინაშე არსებული პრობლემები მოისმინეს.
კომისიის სხდომაზე მონაწილეებს შორის, ის დისტრიბუტორებიც იყვნენ, რომლებსაც კონკრეტული პროდუქცია საქართველოში ექსკლუზიურად შემოაქვთ. დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად უქმნის საფრთხეს ეს ვითარება კონკურენტული გარემოს შექმნას.
ვინ აწესებს პირობებს პროდუქციის მიწოდება გასაღების ჯაჭვში და რა როლი აქვს ქსელურ მარკეტებს ფასების რეგულირებაში? - დისტრიბუტორებმა და იმპორტიორებმა თქვეს, რომ ამა თუ იმ პროდუქტის სიძვირეს, მნიშვნელოვნად განაპირობებს ის თამაშის წესები, რომლებსაც მსხვილი ქსელური მარკეტები აწესებენ.
სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასწარმოქმნის შესახებ, საპარლამენტო განხილვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე გამოიკვეთა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების საჭიროება.
ყველა ვერსია და მექანიზმი, რაც ფასების შემცირებას უზრუნველყოფს აქტიურად მუშავდება - პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს საკითხი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს.