12 აგვისტო 2026,   06:01
ვრცლად
თავდასხმა დამოუკიდებელ მედიაზე - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მედიის თავისუფლების დასაცავად

ფუჭად გასროლილი ტყვია პრემიერ-მინისტრისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომლითაც ლონდონი თავს თავისუფალ მედიას დაესხა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ "იმედთან" და POSTV-სთან თანამშრომლობა ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა განაგრძოს. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს მედიის თავისუფლების დასაცავად.

სააკაშვილისა და გახარიას გუნდებში გუშინ ირწმუნებოდნენ, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება კონკრეტულ შედეგებს მოიტანდა. დღეს კი, მხოლოდ იმედი გამოთქვეს, რომ ლონდონს ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ არგუმენტი მაინც ექნება. ოპოზიციის ნაწილს არც ის მოსწონს, რომ კომპანიები და ორგანიზაციები ტელევიზიებთან თანამშრომლობას არ წყვეტენ.

საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის მორიგ მცდელობად შეაფასა ოპოზიციის მეორე ნაწილმა ბრიტანეთის გადაწყვეტილება. "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" შეფასებით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საქართველოსა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ამჯერად დიდი ბრიტანეთის ხელით გაილაშქრეს.

ბრიტანეთის საელჩოსგან განმარტებები თავად ტელეკომპანია "იმედმაც" მოითხოვა და დიპლომატიურ უწყებას წერილობით მიმართა. საელჩოს ტელევიზიისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია. "იმედმა" კი გაავრცელა ინფორმაცია და კადრები, რომ დილიდან ბრიტანეთის საელჩოში ენჯეოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრის შინაარსზე უჩა ნანუაშვილმა საუბარი არ ისურვა. საელჩოსთან მყოფმა გახარიას გუნდის წევრმა კი თქვა, რომ ის არა ბრიტანეთის, არამედ საფრანგეთის საელჩოში იყო მისული.

"105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას" - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება. მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ ლონდონის გადაწყვეტილება არის თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა.

თბილისში, თავისუფალ მედიაზე თავდასხმად შეფასებული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გუშინ მიიღო.

დღის ამბები