07 აგვისტო 2026,   15:43
ვრცლად
შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟი, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს - თბილისის მერიაში რეგულაციებზე მუშაობა დაიწყეს

შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟი, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. განიხილება ფინანსური სანქციების დაწესებაც - თბილისის მერიაში კონკრეტული რეგულაციების მიღებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ინიციატივის მიზანი ახალაშენებულ ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების მკაცრი კონტროლი და მოქალაქეების სიცოცხლის დაცვაა.

პარალელურად, თბილისის მერის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ინსპექცია უკვე ექსპლუატაციაში მიღებული შენობების აქტიურ შემოწმებას დაიწყებს. მოკვლევის ფარგლებში დადგინდება, შეესაბამება თუ არა ობიექტებზე არსებული სისტემები იმ სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც შენობა-ნაგებობებმა ექსპლუატაციის ნებართვა მოიპოვეს.

მერიის ინფორმაციით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირები ახალაშენებულ კორპუსებში სახანძრო სისტემებს შემოწმების გავლის შემდეგ ხსნიან. ირკვევა, რომ მშენებელთა ნაწილი საჭირო მოწყობილობებს დროებით ქირაობს, ინსპექტირების დასრულების შემდეგ კი უკან აბრუნებს. ნაწილი კი სისტემების დემონტაჟს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ახდენს. რის შედეგად, მრავალბინიანი კორპუსები და იქ მცხოვრები მოქალაქეები სახანძრო უსაფრთხოების მექანიზმების გარეშე რჩებიან.

გადაცდომებისა და დარღვევების საწინააღმდეგოდ დამატებითი ზომების მიღება უახლოეს პერიოდში იგეგმება. გასულ წელს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უსაფრთხოების მოქმედი ნორმების სრული დაცვით ექსპლუატაციაში 1 087 შენობა მიიღო.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები