ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კონკრეტული თარიღის განსაზღვრა შეუძლებელია.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლამდე, ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კიევი წევრობისკენ "კარგ გზაზე" დგას.
"უნდა ვთქვა, რომ უკრაინა აუცილებელი რეფორმების განხორციელების სისწრაფით, გამორჩეულ პროგრესს აჩვენებს. ეს რთული რეფორმებია, იოლი არ არის. საჭიროა ბევრი ადამიანის დარწმუნება მათი მხარდაჭერისთვის. და ძალიან შთამბეჭდავია ის უზარმაზარი პროგრესი, რომელსაც უკრაინა აღწევს, მიუხედავად მიმდინარე ომისა," - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის წახალისებას წევრობის გზაზე. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხში კონკრეტული თარიღების განსაზღვრა შეუძლებელია.
"მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია მკაფიო თარიღი. თქვენ მიერ დასახელებული თარიღი არის თქვენი ორიენტირი, რომლის დაცვაც გსურთ. თქვენ იცით, რომ ჩვენი მხრიდან თარიღების დასახელება თავისთავად შეუძლებელია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა თქვენი მიზნის მიღწევაში სრულიად აშკარაა," - განაცხადა მან.