სპეკულაციებს არ ჰყვება, მოწოდებებს არ იღებს - "ქართული ოცნების" ხელისუფლება არც საკუთარ პოლიტიკას გადახედავს მარტივი მიზეზის გამო - არ სურს ომი ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი უკვე ოკუპირებული აქვს. და მაინც, რატომ მოუწოდებს ლონდონი თბილისს, უკრაინის ომის 4 წლის თავზე, ევროპულ სანქციებს მიუერთდეს? "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთი საქართველოს დაპირისპირებისკენ უბიძგებს, რადგან სანქციების დაწესება მეზობელ სახელმწიფოებთან ვაჭრობაზე დამოკიდებული ქვეყნისთვის მხოლოდ ეკონომიკური აქტი არ არის - ეს პირდაპირი ესკალაცია და ეკონომიკური ომის გამოცხადებაა რუსეთისთვის.
თბილისის მიმართ ოფიციალური ლონდონის პოზიცია ბრიტანეთის ელჩმა გაახმოვანა. გარეთ უორდი ამტკიცებს, რომ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას არავინ სთხოვს, თუმცა იქვე ამბობს, რომ თუ ქვეყანა ევროპულ სანქციებს შეუერთდება, ის თავის როლს შეასრულებს. ანალოგიური შინაარსის განცხადება გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის სახელით ბრიტანეთის საელჩოს "ფეისბუკ" გვერდზეც გავრცელდა, თუმცა არსად არაფერია ნათქვამი შესაძლო საფრთხეებზე, რაც საქართველოს რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში დაემუქრება.
ბრიტანელი დიპლომატის განცხადებას სრულად იზიარებს ოპოზიცია, ისევე, როგორც მოწოდებებსა და განცხადებებს სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ახლა ევროპელ ლიდერებთან თანამშრომლობისთვის სტრატეგიული დროა და ის საქართველომ სათანადოდ უნდა გამოიყენოს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან ევროპულ სანქციებთან მიერთებისკენ მოწოდებები სწორედ მეორე ფრონტის გახსნის ირიბი მოთხოვნაა. მსგავსი მოთხოვნის ადრესატი საქართველო ბოლო 4 წლის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა. პასუხი ადრეც და ახლაც ერთი იყო - ხელისუფლება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და არ მოიხდის ბოდიშს საკუთარი სახელმწიფოს დაცვის მიზნით გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების გამო.
გაერთიანებული სამეფოს ელჩმა თბილისის მხრიდან მოსკოვისთვის სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ერთობლივი კონფერენციის შემდეგ ისაუბრა, რომელიც უკრაინის ომის 4 წლის თავთან დაკავშირებით თბილისში გაიმართა.