...ნარკოლაბორატორია კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იყო მოწყობილი. კონსპირაციულ სახლში ირანის ორი მოქალაქე ქირით ცხოვრობდა. კუსტარულად ამზადებდნენ სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკს და შემდეგ ყიდდნენ.
კადრები კუსტარულ ლაბორატორიაშია გადაღებული. ჩანს, რომ მდგმურებს ნარკოტიკის დამზადებისთვის საჭირო ყველა მოწყობილობა ჰქონდათ, მათ შორის - ქიმიური შენაერთები, გასაზავებელი ჭურჭელი და ელექტროსასწორები. ლაბორატორია სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციით აღმოაჩინეს და გამთენიისას სპეცოპერაცია ჩაატარეს. ორივე პირი დაკავებულია, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე "მეტანფეტამინი".
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ლატვიის მოქალაქეც. "კურიერის" ინფორმაციით, მას ნახევარ კილოზე მეტი კოკაინი სხეულში ჰქონდა დამალული და საქართველოში შემოტანას ცდილობდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი თბილისი საერთაშორისო აეროპორტშივე აიყვანეს.
"კოკაინი", "ჰეროინი", "ალფაპევეპე", "სუბოქსინი", "ბუპრენორფინი" და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა ბოლო 48 საათში ამოიღეს. ნარკოდანაშაულისთვის კი 81 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მათი უმეტესობა რეალიზატორია.
როგორ მოქმედებდნენ ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული პირები და რა სახის ოპერატიული ღონისძიებები ჩატარდა? საპოლიციო ღონისძიებების დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები ნარკოტიკს სხვადასხვა გზით ყიდდნენ. კლიენტს გადასცემდნენ ხელიდან ხელში ან ტოვებდნენ სამალავებში. თუმცა ირკვევა, რომ იყენებდნენ სხვა მეთოდსაც - რეალიზაცია კონსპირაციულ ბინებშიც ხდებოდა. დანაშაულის ფაქტს ფარული მასალაც ადასტურებს.
საკონტროლო შესყიდვის კადრებში ნაჩვენები პირები დაკავებულები არიან, თუმცა "კურიერისთვის" ცნობილია, რომ ნაწილი მათგანი ნარკოტიკის გაყიდვას უარყოფს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.
ნარკოდამნაშავეების დაკავების პარალელურად, სამართალდამცველებმა 16 პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის აიყვანეს. ბოლო 48 საათში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები.
გეკა გელაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ უწყება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
48 საათში დაკავებულ 97 პირს გენერალური პროკურატურა უახლოეს საათებში ბრალს წარუდგენს, კანონით დადგენილ ვადაში კი მათ საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.