საია-მ დღევანდელი ბრიფინგი მხოლოდ იმის გამოცხადებას დაუთმო, რომ სტრასბურგმა მათი საჩივრების განხილვა დაიწყო. არჩევნებთან დაკავშირებით მომჩივანმა "ენჯეომ" არ თქვა, რომ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი სასამართლომ უკვე დაუშვებლად ცნო, ნაწილის დასაშვებობაზე კი კვლავ მსჯელობს. სიმართლე იუსტიციის სამინისტროსთვის ევროსასამართლოდან გამოგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით ირკვევა, რომელშიც ქართულ მხარეს ეწერება, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.
ფაქტი საია-მ შეგნებულად დამალა - აცხადებს თეა წულუკიანი. მისი განმარტებით, არსებით განხილვას სასამართლო ფიზიკურად ვერ დაიწყებს, რადგან სარჩელის დანარჩენი ნაწილის დასაშვებობის საკითხი კვლავ განხილვის პროცესშია. გადაწყვეტილება ამ ორ საკითხზე სასამართლომ ერთობლივად უნდა მიიღოს.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელზეც დღეს საია-მ არ ისაუბრა, ევროსასამართლოსგან მიღებული უარია. რატომ დაუმალა ორგანიზაციამ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სტრასბურგმა დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა - საია-ში პასუხი არ აქვთ. ეს იმ ფონზე, როდესაც სასამართლოსთან ოფიციალურ მიმოწერაში თავადვე ადასტურებენ საპირისპიროს - რომ ევროსასამართლოს უარის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. დოკუმენტში წერია, რომ მოთხოვნა 2024 წლის ნოემბერში ხუთი განმცხადებლის სახელით წარადგინეს.
პასუხების გაცემის ამ მცდელობის შემდეგ საია-მ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც პასუხისმგებლობის ფიზიკურ პირებზე გადატანას და მათი საჩივრებისგან დისტანცირებას ცდილობდა, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანამდე ამტკიცებდა, რომ საქმეს სტრასბურგი ერთობლივად, ინდივიდუალური საჩივრების პარალელურად განიხილავდა.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, თავად საჩივრებიდან ირკვევა, რომ დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების შეჩერება 2024 წლის ბოლოს არის მოთხოვნილი. სტრასბურგში პროცედურა სტანდარტულად, დაჩქარების გარეშე მიმდინარეობს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ საქმე თავისი შინაარსით პრეცედენტული იქნება.
ოპოზიცია შეფასებებს სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც აკეთებს. ამბობენ, რომ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მათ პოლიტიკური დასკვნა უკვე გამოტანილი აქვთ და მნიშვნელობა არ აქვს, რას დაადგენს სამართლებრივად სტრასბურგი. მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ არჩევნების შედეგების დროებით გაუქმების მოთხოვნა ევროპულმა სასამართლომ არც კი განიხილა და ეს ინფორმაცია საია-მ დამალა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საია-მ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და ახლაც შეგნებულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან საჩივრები სასამართლოში კოორდინირებულად შევიდა, საპასუხო ინფორმაციას კი სტრასბურგიდან სწორედ საია იღებდა. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ დაასრულებს იმ სპეკულაციურ კამპანიას, რომელსაც ოპოზიცია და ენჯეო სექტორი ერთობლივად აწარმოებდნენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროპის საბჭოს სტრუქტურაა. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ის ფაქტიც, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არჩევნების ხარვეზები დადგენილად მიიჩნია იმ დროს, როცა სასამართლოს საკითხი ჯერ განხილული არ ჰქონდა, ადასტურებს, რომ ევროპის საბჭო პატივს არც სცემს საკუთარ დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოს.