10 აგვისტო 2026,   10:18
ვრცლად
"ცდილობენ დიდი ბიჭი ითამაშონ პატარა ქვეყნებმა, აქეთ-იქით ისვრიან სანქციებს, ამით მოშალეს საერთაშორისო სამართალი" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება.

გამოცემა "შპიგელმა" გაავრცელა ცნობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს იმ მოსამართლეების დასანქცირებას, რომლებმაც გაზაფხულზე ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნეს და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება 5 წლით აუკრძალეს.

"რა თქმა უნდა, ეს ჩარევაა, მაგრამ ვის ეუბნება საფრანგეთი ამ ყველაფერს, როდესაც თავად ცდილობდა საქართველოზე მსგავსი გავლენები ჰქონოდა ასეთი სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.

რასაც ვსაუბრობდით დადასტურდა. შევხედოთ, ესტონეთი თურმე ცდილობს, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს, იმიტომ, რომ ჩვენი მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა ჰყავს არასასურველ პირებად გამოცხადებული. ლატვია ცდილობს თურმე ჩაერიოს შიდა საქმეებში, ლიეტუვა ცდილობს, რომ ჩაერიოს შიდა საქმეებში, გერმანია ცდილობს, ჩაერიოს შიდა საქმეებში. ის ქვეყნები, რომლებმაც არასასურველ პირებად გამოაცხადეს სასამართლოს ზოგიერთი წარმომადგენელი, საფრანგეთის მოსამართლემ დაადასტურა, შეგვიძლია ეს უკვე სასამართლო გადაწყვეტილებად მივიღოთ, ისინი ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში, რაც ნიშნავს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

როცა ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, ამათ გააკეთეს ეს ყველაფერი - ბალტიის ქვეყნებმა, ევროკავშირმა, ბრიუსელმა. მათი ხელით დაინგრა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი, ისინი არიან, ვინც ჩამოშალა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი.

ცდილობენ დიდი ბიჭი ითამაშონ პატარა ქვეყნებმა, აქეთ-იქით ისვრიან ამ სანქციებს, ამით მოშალეს საერთაშორისო სამართალი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები