"ეს განცხადება არის ირიბი აღიარება, უფრო სწორად, ამ ყველაფრის პირდაპირი აღიარება და შემდეგ ამ საქმიდან გამოძრომის უსუსური მცდელობა, რომ როგორღაც ამ პროცესების მიღმა აღმოჩნდეს, ისე მოაჩვენოს თავი," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ბაჩო ახალაიას ინტერვიუს, რომელიც 9 ოქტომბერს არის ჩაწერილი.
ინტერვიუში, რომელიც 26 დეკემბერს გამოქვეყნდა, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი მურთაზ ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძეზე საუბრობს და კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ამ ადამიანებთან ერთად, სახელმწიფო გადატრიალებას, ამბობს, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, ის იმ საქმეში არ მონაწილეობს.
"ყველაფერი აშკარაა, გამოძიებამ ხელისგულზე დადო ყველაფერი წუთების და წამების სიზუსტით. პროცესებს მართავდა ეს ჯგუფი: სად უნდა გადაადგილებულიყო რადიკალთა ჯგუფები, რომელ შენობასთან უნდა შეკრებილიყვნენ, რომელ შენობაზე უნდა მიეტანათ შტურმი და ამ პროცესების სათავეში იყო ეს ბატონი, თვითონვე აღიარებს ამას, ამის პირდაპირი მტკიცებულებაა ეს, " - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.